English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
გ ა მ ო ხ მ ა უ რ ე ბ ა

წარმოგიდგენთ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს და სპეციალისტთა დასკვნებს ტერმინ „მთლიან სამამულო პროდუქტთან“ დაკავშირებით. ეს ტერმინი  გაზიარებულ იქნა ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ სარედაქციო კოლეგიის მიერ. 

სარედაქციო კოლეგია

 

გამომაურება

აკადემიკოსების ვლადიმერ პაპავასა და ავთანდილ სილაგაძის ერთი მნიშვნელოვანი ტერმინოლოგიური წინადადების შესახებ

თანამედროვე ქართულ ეკონომიკასა და პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული ტერმინოლოგიური შესიტყვებაა „მთლიანი შიდა (ან - შიგა) პროდუქტი“, რომლის სირთულე ჩვეულებრივი (არაეკონომისტი) მომხმარებლისათვის იმაში მდგომარეობს, რომ მას არ ახასიათებს სტრუქტურული გამჭვირვალობა, ანუ ამ რთული აგებულების ტერმინში ადეკვატურად არ იკითხება მისი შინაარსი.

უკანასკნელ ხანს ამ მნიშვნელოვან საკითხს ყურადღება მიაქციეს ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა, აკადემიკოსებმა ვლადიმერ პაპავამ და ავთანდილ სილაგაძემ. მათ ამ ტერმინის დადგენის საკითხს ერთობლივი სპეციალური წერილიც მიუძღვნეს - ,,ერთი  საკვანძო  ეკონომიკური  ტერმინის – Gross Domestic Product-ის ქართული სახელწოდების შესახებ’’,  რომელიც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში „ეკონომიკა და ბიზნესი“, 2019, # 1 (გვ. 180-182).

უპირველესად მისასალმებელია მათი ზოგადი მიდგომა, რომ „დღეს ქართველი ეკონომისტების ერთ-ერთი გამოწვევაა საბაზრო ეკონომიკის შესატყვისი ტერმინების ქართულ ენაზე ადეკვატურად თარგმნა“ და რომ „ასევე მნიშვნელოვანია (იქნებ - უფრო მნიშვნელოვანიც) ამა თუ იმ ქართული ტერმინის დადგენისას“ გავითვალისწინოთ ქართული სალიტერატურო ენის ბუნება და ტერმინოლოგიური გამოცდილება. ამ აზრის განზოგადება დღეს ყველა დარგსა და სფეროზე შეიძლება და ისიც ნათელია, რომ შესაბამისი დარგების სპეციალისტებს ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

მიზეზად დასახელებული მოუხერხებელი ქართული ტერმინის წარმოშობისა მითითებულია მისი პირდაპირი თარგმნა, როგორც ეს ხშირად ხდებოდა, რუსული ვერსიიდან - Валовой Внутренний Продукт. შესაბამისად, არსებით ამოცანად არის დასახული ზუსტი და ბუნებრივი ქართული ტერმინის შემუშავება.

პუბლიკაცია იმასაც წარმოაჩენს, რომ თანაავტორთა თვალსაზრისი იმთავითვე ერთგაროვანი არ ყოფილა და მას ურთიერთშეჯერებით გარკვეული ცვლილება განუცდია, რაც ასევე პროფესიული დამოკიდებულების ნიმუშია. კერძოდ, 1993 წელს ვლ. პაპავას შემოუთავაზებია „ერთობლივი სამამულო პროდუქტი“, რაც, თავის მხრივ, ა. სილაგაძეს ერთ-ერთი ეკონომიკური სახელმძღვანელოს თარგმანში დაუზუსტებია - როგორც „მთლიანი სამამულო პროდუქტი“. მართალია, ერთეულები „ერთობლივი“ და „მთლიანი“ გარკვეულ სინონიმურ სიახლოვეს გვიჩვენებს, მაგრამ ამ ტერმინოლოგიურ კონტექსტში უფრო ზუსტი ეს უკანასკნელი ჩანს.

ვფიქრობთ, ცნება „სამამულოს“ შემოტანა მნიშვნელოვანი მიგნებაა ამ ტერმინოლოგიური შესიტყვების ქართულ ვერსიაში, რამდენადაც ის ბევრად უფრო ზუსტსა და ადეკვატურს ხდის მის შინაარსს, ზრდის ამ ტერმინის ცნებით ავტონომიურობას (განსხვავებით კომპონენტებისაგან „შიდა“ ან „ეროვნული“) და აადვილებს მის საზოგადო აღქმას.

ამდენად, მხარს ვუჭერთ უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ტერმინის ქართული შესატყვისის ამ სახით დამკვიდრებას: „მთლიანი სამამულო პროდუქტი“.

ავთანდილ არაბული

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი

თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის

მთავარი მეცნიერ - თანამშრომელი

26 მაისი, 2020 წ.

ა მ ო ნ ა წ ე რ ი 

თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 2 ივნისის სხდომის

ო ქ მ ი  №3-დან

მოისმინეს: ერთი ეკონომიკური ტერმინის საკითხის შესახებ.

ვაჟა შენგელია: როგორც მოგეხსენებათ, აკად. ვლ. პაპავამ და აკად. ა. სილაგაძემ ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მომართეს წერილით, რომელშიც გვთხოვენ საბჭომ გამოთქვას თავისი თვალსაზრისი მათ მიერ შემოთავაზებული ტერმინის – მთლიანი სამამულო პროდუქტის,  შესახებ. ადრე გამოყენებული ტერმინები – „მთლიანი შიდა პროდუქტი“ და „მთლიანი შიგა პროდუქტი“, იყო თარგმანი სათანადო რუსული ტერმინისა. ახალი ტერმინი კი შესატყვისია ინგლისური ტერმინისა Gross Domestic Product.

ჩვენი წინადადებაა, მხარი დავუჭიროთ ორი ცნობილი მეცნიერის შემოთავაზებას.

მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს  საბჭოს წევრებმა – ნ. მაჭავარიანმა, გ. გოგოლაშვილმა, მ. ჩუხუამ, თ. ვაშაკიძემ, თ. გვანცელაძემ, ლ. ქაროსანიძემ, აგრეთვე  მ. ღლონტმა.

დაადგინეს: სამეცნიერო საბჭო მხარს უჭერს წინადადებას, რომ ინგლისური ეკონომიკური ტერმინის Gross Domestic Product-ის შესატყვისად ქართულში დამკვიდრდეს ტერმინი მთლიანი სამამულო პროდუქტი.

თავმჯდომარე:  საქ. მეცნ. ეროვნ. აკად. წევრ-კორ.  პროფ. ვ. შენგელია

მდივანი: ფილოლოგიის დოქტორი მაკა ლაბარტყავა 

დ ა ს კ ვ ნ ა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების განყოფილებაში აკადემიკოსებმა ვლადიმერ პაპავამ და ავთანდილ სილაგაძემ სარეცენზიოდ წარმოადგინეს სტატია ,,ერთი საკვან ძო ეკონომიკური ტერმინის – Gross Domestic Product-ის ქართული სახელწოდების შესახებ“, რომელიც ეძღვნება ეკონომიკის დარგისთვის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ტერმინის დაზუსტებას.

განსახილველი სტატია მეტად აქტუალურია, რადგან ტერმინოლოგიურ სისტემაში უკანასკნელ ხანს მოზღვავებული უცხოენოვანი ტერმინები მოითხოვს დაზუსტებასა და მოძველებული ტერმინებ უფრო მარჯვე შესატყვისებით ჩანაცვლებას.

განსაკუთრებით საყურადღებოა პროფესორების, ვლადიმერ პაპავასა და ავთანდილ სილაგაძის მაღალი პროფესიონალიზმი, რომელიც განსაკუთრებით გამოვლინდა მათს ტერმინოლოგიურ საქმიანობაში. მეცნიერები ფიქრობენ არა მარტო თავიანთი დარგის განვითარებაზე, არამედ ქართული ენის დამცველებიც არიან და ზრუნავენ სრულყოფილი ეკონომიკის ტერმინოლოგიის შექმნაზე. სწორედ მათი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ პასუხისმგებლობა ჩანს ენათმეცნიერების ინსტიტუტში განსახილველად წარმოდგენილ სტატიაში, რომელიც ეხება ერთ-ერთ საკვანძო ტერმინოლოგიურ შესიტყვებას.

სტატიაში წარმოდგენილი ტერმინი ,,Gross Domestic Product” რუსულის გზით შემოსული ტერმინია და მის ადრინდელ ქართულ შესატყვის ტერმინს „მთლიანი შიგა (ან შიდა) პროდუქტი“ ეტყობა კიდეც შუამავალი ენის გავლენა. მეცნიერებმა უპირატესობა მიანიჭეს ტერმინ მთლიან სამამულო პროდუქტს, რადგან ის უკეთ გადმოსცემს ცნების არსს და განსაზღვრავს შრომითა და ქონებით ერთ წელიწადში წარ- მოებულ პროდუქტს კონკრეტული ქვეყნის შიგნით (ქვეყნის ტერიტორიაზე), განსხვავებით მთლიანი ეროვნული პროდუქტისაგან (ინგლ. Gross National Product), რომელიც განსაზღვრავს წარმოებას რეზიდენტების მიხედვით, მათ შორის, საზღვრებს გარეთაც. ამასთან, ტერმინი სამამულო პროდუქტი მეტად აქტიურია დარგობრივ სამეცნიერო ლიტერატურაში,

მაგალითად, სამამულო საქონელი (Domestic Goods), სამამულო პროდუქტი (Domestic Product), სამამულო წარმოება (Domestic Production). გარდა ამისა, მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა ასევე მსაზღვრელთან დაკავშირებითაც – ვლადიმერ პაპავამ ტერმინოლოგიურ შესიტყვებას შეესაბამა ტერმინი ერთობლივი სამამულო პროდუქტი, ავთანდილ სილაგაძემ კი არაზუსტად მიიჩნია ერთობლივი, რომელიც შეცვალა მთლიანით და მთლიანი შიგა (შიდა) პროდუქტის ნაცვლად უფრო ზუსტი და ცნების შესატყვისი ტერმინი შე- მოგვთავაზა – მთლიანი სამამულო პროდუქტი. ეს ტერმინი მისაღები აღმოჩნდა ვლადიმერ პაპავასათვისაც. ამ ორი მეცნიერის მიერ წარმოდგენილი ტერმინები განსხვავდებოდა მსაზღვრელით, ყურადღებას იპყრობს მცდელობაც, გაიმიჯნოს სინონიმები მთლიანი და ერთობლივი. ტერმინოლოგიური სინონიმები ხშირად საკამათოა, შეიძლება თუ არა ისინი ჩაენაცვლოს ერთმანეთს, თუ შინაარსობრივად გაიმიჯნოს. ქეგლში მთლიანი განმარტებულია, როგორც 1. სრული, მთელი; 2. ერთიანი დაუნაწევრებელი; ერთობლივი კი – ერთად აღებული; შეერთებული; მთლიანი, ერთიანი. როგორც განმარტებიდან ჩანს, შინაარსით ისინი სინონიმებია და, ამდენად, ჩანაცვლებაც სავსებით შესაძლებელი. გარდა ამისა, ტერმინისათვის უპირატესობის მინიჭებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი გამოყენების სიხშირე ტერმინოლოგიურ შესიტყვებებში. ეკონომიკის ტერმინოლოგიაში კი არაერთ შესიტყვებაში დასტურდება მთლიანი მსაზღვრელად. მაგალითად, მთლიანი ეროვნული პროდუქტი, მთლიანი შიგა პროდუქტი. ასევეა წარმოდგენილი ეს ტერმინები ეკონომიკის ენციკლოპედიურ ლექსიკონშიც. ამდენად, მსაზღვრელ ერთობლივის ჩანაცვლება მთლიანით, სავსებით მართებულად მიგვაჩნია, რადგან ის ზუსტად გამოხატავს და აკონკრეტებს ცნების არსს, რომელსაც ტერმინი გულისხმობს.

 ამდენად, ვფიქრობთ, რომ მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი ახალი ტერმინი სავსებით შეესაბამება ცნების არსს და მისი დამკვიდრება ეკონომიკის ტერმინოლოგიაში შესაძლებლად მიგვაჩნია.

პატივისცემით,
სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და
თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი,
ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი მარინე ოსაძე


მეცნიერი თანამშრომელი ნინო დათეშიძე
17 მარტი, 2020 წელი